აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, საპროტესტო აქციებსა და საპარლამენტო არჩევნებზე.
„წელს ეუთო აკვირდებოდა ათზე მეტ არჩევნებს - შეერთებული შტატების ბოლო არჩევნების ჩათვლით. მოლდოვაში ეუთომ დაადასტურა კარგად ადმინისტრირებული მეორე ტური, მიუხედავად რუსეთის ჩარევისა. ახლა რუმინეთის ხელისუფლება ავლენს ფართომასშტაბიან და კარგად დაფინანსებულ რუსულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ. იმავდროულად, საქართველოში ეუთოს დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს [26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე] ამომრჩეველთა დაშინებაზე და მმართველი პარტიის მცდელობებს, ველი მის სასარგებლოდ შეეცვალა.
შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს ბევრი წევრის შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ავის მომასწავებელი ელფერი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას - რეპრესიას მათ მიმართ, ვინც ქვეყნის ევროპულ გზაზე დარჩენისკენ მოწოდებით გამოდის - განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებისა და დაკავებების შესახებ ცნობებს," ამბობს ამერიკელი დიპლომატი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გასაძლიერებლად.“
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, „აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, პასუხს აგებენ.“